მარიამ ქვრივიშვილი ტურისტულ გიდებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურისტულ გიდებს შეხვდა.
მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის ახალი პროექტები გააცნო, მათ შორის გადამზადების კურსები, რომელიც გიდებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით ჩაუტარდებათ.
სალექციო კურსს გიდებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გამართავს.
ლექციების მთავარი თემები იქნება: მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტის ზონები. “გიდებთან ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, დაგვედგინა და მოგვესმინა ის გამოწვევები, რის წინაშეც ისინი დგანან.
ტურიზმის განვითარების კუთხით გიდების ინსტიტუტი ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ჩვენ მათ გავაცანით თუ გადამზადების რა გეგმები გვაქვს და რა ახალი თანამშრომლობა შედგა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რათა დავეხმაროთ მათ, რომ სწორი პასუხები ჰქონდეთ შესაბამის პრობლემურ კითხვებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჯანსაღი იქნება.”- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების მოგვარების გზებზე ისაუბრა. “როგორც მოგეხსენებათ, უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია გიდების მიმართულება, ამ საკითხში ჩართულები არიან ექსპერტებიც, მათთან ერთად უნდა განისაზღვროს თუ რა სახის აქტივობები გვაქვს გასატარებელი.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.