ავიაკომპანია „Air France“-ის  რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების  წარმომადგენლებს უმასპინძლა.  საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ოთხ და  სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ექვს წარმომადგენელს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია „Air France“-ის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურის ფარგლებში  სტუმრებმა თბილისის და მცხეთის ისტორიული უბნები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, სადაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.

 

“ძალიან მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ „Air France“-ის  ვიცე-პრეზიდენტს, ასევე ევროპელ ჟურნალისტებსა და ტურ-ოპერატორებს, რომლებიც საქართველოში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ჩამოვიდნენ. სამივე ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენი ორგანიზებით ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები  ევროპელ ტურ-ოპერატორებს ხვდებიან, რომ ახალი ბიზნეს ურთიერთობები დაამყარონ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებიდან.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.