კურორტ საწირის განვითარების პროექტს სტუდენტები მოამზადებენ
სტუდენტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ საწირის განვითარებაში მიიღებენ მონაწილეობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საწირის განვითარების ფონდის ორგანიზებით, ბიზნესის სკოლა ESM-ის 25 სტუდენტისათვის გაცნობითი ტური მოეწყო. ტურის მიზანია კურორტზე ბიზნეს გარემოს შესწავლა, კონკრეტული ბიზნესგეგმის მომზადება და საინვესტიციო პაკეტების შემუშავება. სტუდენტები 25 ბიზნესგეგმას ამზადებენ, რომლის მიხედვითაც საწირეში პროექტები განხორციელდება. ამ ეტაპზე საწირეში კოტეჯებისა და გესთჰაუსების მშენებლობა და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. იგეგმება ველობილიკების მოწყობა და სპორტული კოპლექსების მშენებლობა. ტყიბულის წყალსაცავთან ახლოს დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა. ზღვის დონიდან 550 მეტრზე მდებარე გამაჯანსაღებელი კურორტი გამოირჩევა უნიკალური ჰავით, სადაც შერწყმულია ზღვისა და მთის ჰაერი და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სასუნთქი და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონდე ადამიანთა სამკურნალოდ.