საქართველოს კულტურის დღეები ლონდონში
დიდ ბრიტანეთში რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად ლონდონში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ლონდონ ბრიჯზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე „საქართველოს ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების“ და ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტი გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული კერძები დაეგემოვნებინათ. ღონისძიების პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალურ მონიტორზე საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება მოაწყო. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სპეციალურად მოწყობილ კარვებში საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ბროშურები დაარიგეს. ლონდონში საქართველოს დღეების პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ბრიტანელ ბიზნესმენებს შეხვდა. ღონისძიება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო გააცნო.