ინკლუზიური ტურიზმის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
ათუმში ინკლუზიური ტურიზმის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი, აჭარის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. კონფერენციის მთავარი თემაა „ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის“. ღონისძიების მიზანია ინკლუზიური ტურიზმისა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსას,“ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის და ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის „ენატის“ ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ადმინისტრაციის მიერ ინკლუზიური ტურიზმის განვითარების კუთხით უკვე განხორციელებული პროექტები წარადგინა: „ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირებული გარემოს შექმნა, ამ მიზნით მცხეთა სრულიად ადაპტირებული გავხადეთ ინკლუზიური ტურიზმის მომხმარებლებისათვის, გაზაფხულიდან კი კი დაიწყება წყალტუბოს ადაპტაცია ამ მიმართულებით. ჩვენ ვატარებთ სპეციალურ ტრენინგებს კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, ასევე ვმუშაობთ ტურების შექმნაზე ქვეყნის მასშტაბით, კახეთში სიღნაღის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებთან ერთად მომზადდა ინკლუზიური ტურისტული პაკეტები.“ -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.