ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია
თბილისის მერიის ორგანიზებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია “ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის” თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და გერმანიის ელჩმა ბეტინა ქადენბახმა. ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების, წარმატებული მაგალითების, მეთოდოლოგიების, სტრატეგიებისა და მიმდინარე წლის სიახლეების გაცნობა და გაზიარებაა. დავით ნარმანიას განცხადებით, კონფერენცია ხელს შეუწყობს დედაქალაქის, როგორც შშმ ვიზიტორებისათვის და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისათვის საინტერესო და მიმზიდველი ადგილის, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
კონფერენცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის (ENAT) ასოცირებული წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი და საერთაშორისო საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.