ზაფხულის სეზონზე საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აგვისტოს თვის სტატისტიკური მონაცემები და ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა.
2015 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით საქართველოს 852 377 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.
2015 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს 2 086 831 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,4 %-ით არის გაზრდილი წინა წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით.
რვა თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩეოდა: ლიტვა (+21%), ჩეხეთი (+20%), ლატვია (+14%), გერმანია (+12%), იტალია (+10%), გაერთიანებული სამეფო (+10%), ნიდერლანდები (+10%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია: არაბთა გაერთიანებული საემიროები (+766%), საუდის არაბეთი (+75%), ბელარუსი (+54%), ყაზახეთი (+36%), მოლდოვა (+35%).
აგვისტოს თვეში კი ზრდის თვალსაზრისით გამოირჩეოდა: არაბთა გაერთიანებული საემიროები (+761%) ისრაელი (+42%), ბელარუსი (+69%), ყაზახეთი (+50%), ომანი (+1036%) და ესპანეთი ( +87%).
2015 წლის ზაფხულის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 8 მილიონი ლარი, სავარაუდო შემოსავალმა, რომელიც განპირობებული იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ტურისტების რაოდენობის ნამატით (მხოლოდ აპრილი – ივლისი პერიოდში) შეადგინა დაახლოებით 96 634 009 ლარი.
ეკონომიკური ინდიკატორები
უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებული გადახდების მოცულობამ აპრილში +47%, მაისში +43%, ივნისი +24%, ივლისი +32% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2015 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად (12%-ით) გაიზარდა ტურიზმის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება.
ტურიზმის სტატისტიკა ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევას.