,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“
,,ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის დემონსტრირებისა და პოპულარიზაციის მიზნით ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჯერ ურეკში, შემდეგ კი გომის მთაზე უმასპინძლა . მთისა და ზღვის კურორტებს კი ერთმანეთთან მხოლოდ 60 კილომეტრი და დაახლოებით 45 წუთიანი გზა აშორებს.
გომის მთა ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს, გარშემორტყუმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით, კურორტს უკვე ათწლეულებია ადგილობრივები სტუმრობენ, თუმცა წელს ინფრასტრუქრუტული პროექტების განხორციელება იწყება. წყალმომარაგება და სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროთან ერთად ელექტროენერგიით უზრუნველყოფა- – იმისთვის რომ გომის მთამ მუდმივი დამსვენებლები შეინარჩუნოს და ტურისტების მისაღებადაც მზად იყოს- კურორტის კეთილომოწყობის პირველი ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
სტუმრები ჯერ–ჯერობით კურორტს მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ- თუმცა სამომავლოდ გომის მთა შესაძლოა სამთო სათხილამურო კურორტადაც იქცეს- რადგან თოვლი 8 თვის განმავლობაში არ დნება.
ზღვა, მზე და წვრილი ხავერდოვანი ქვიშა ურეკს საუკეთესო დასასვენებელ და სამკურნალო ადგილად აქცევს. ამიტომაც გურიის ამ შავიზღვისპირეთს ზაფხულობით ტურისტები არ აკლია.