გუდიაშვილზე მშენებარე “რიქსოს თბილისში” ხელოვნების მუზეუმის შენობის პრეზენტაცია გაიმართა
გუდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო “რიქსოს თბილისში” ხელოვნების მუზეუმის შენობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გულრუჩქუ, საქართველოს მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა პირები ესწრებოდენენ.
სტუმრებს მასპიძლობას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე უწევდა. ღონისძიების სტუმრებმა ჯერ მშენებარე სასტუმრო “რიქსოს თბილისის” ფოიეში გამოკრული ბანერები დაათვალიერეს. ბანერებზე წარმოდგენილი იყო თუ როგორი იქნება სასტუმროს ინტერიერი და დიზაინი.
როგორც სტუმრებს იციკ მოშემ განუცხადა, “რიქსოს თბილისის” ფოიეში შეხვედრების ოთახებსა და დერეფნებში ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, თურქმა დიზაინერებმა კარგად შეისწავლეს ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები და სასტუმროს დიზაინიც შესაბამისად გაკეთდება. საუბრისას იციკ მოშემ ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროს ფოიეში 14 ენაზე წარწერა “მშვიდობა” გაკეთდება. მაკეტს იტალიელი დიზაინერები დაამზადებენ.
143 ნომრიან სასტუმროში ასევე განთავსდება “სკაი ბარი”, 500 კვ.მეტრიანი საპრეზიდენტო ნომერი, 4 საკონფერენციო დარბაზი და 2 რესტორანი. სასტუმრო “რიქსოს თბილისი” 2016 წელს გაიხსნება და მისი მართვა თურქული ბრენდის მიერ მოხდება.
სტუმრებმა სასტუმროს ფუნქციის გაცნობის შემდეგ მის გვერდით აშენებული ხელოვნების მუზეუმის შენობა დაათვალიერეს. 3 ათასი კვადრატული ფართის შენობა ეროვნულ მუზეუმს წინასწარი შეთანხმების შედეგად უფასოდ გადაეცემა.
როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, ხელოვნების მუზეუმის შენობა 6 სართულიანია, მათ შორის ორი სართული მიწის ქვედა დონეზეა.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წელს ისრაელიდან სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში ინვესტიციები კვლავ გაგრძელდება. ამჟამად თბილისში კიდევ 4 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
ტურზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება.-“ სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას.“