გაიცანი საქართველო” პრესტური სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში მედია ტურში 20-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა. ორდღიანი ტურის ფარგლებში მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა რაბათის ციხე-კომპლექსი, საფარას მამათა მონასტერი, აწყურის მონასტერი, ვარძია და ფოკას დედათა მონასტერი მოინახულეს, ასევე გაეცნენ მესხურ სამზარეულოს.
რაბათის საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტები სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების შესახებ გამართულ დისკუსიას დაესწრნენ. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა:
„ სამცხე-ჯავახეთს აქვს კარგი ტურისტული პოტენციალი. ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განსავითარებლად კერძო ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. ტურისტს სჭირდება ღამის გასათევი, კვება. საჭიროა წავახალისოთ კერძო სექტორი, რომ განვითარდეს მსხვილი ტურისტული ობიექტები. ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ინვესტორებს, რომ სასტუმროები და საჭირო ინფრასტრუქტურა განავითარონ. ვიცით რომ მაგალითად ვარძიას და რაბათს ბევრი ტურისტი სტუმრობს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და მათ უნდა შევუქმნათ ის პირობა, რომ აქ მეტი ხნით დარჩნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „გაიცანი საქართველოს მიზანია საქართველოს მეტმა მოქალაქემ დაიწყოს მოგზაურობა საქართველოში და გაეცნოს სხვადასხვა კუთხეს, ვფიქრობ ეს პროქტი ხელს შეუწყობს შიდატურების პოპულარიზაციას.“ -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ ”გაიცანი საქართველოს” ფარგლებში უკვე მე-7 პრესტური გაიმართა. მომდევნო ტური უკვე სვანეთში იგეგმება.