გაიცანი საქართველო” პრესტური წყალტუბოსა და საირმეში
იმერეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში პრესტურში 30-მდე ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს, რომელიც ულამაზესი სტალაქტიტებით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ გაქვავებული ჩანჩქერები და ჩამოკიდებული ქვის ფარდები . მღვიმის ფართობი 46,6 ჰექტარია, „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი დერეფნებით გამოირჩევა, მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ესტუმრნენ და კურორტზე არსებული სამკურნალო აბაზანები დაათვალიერეს. წყალტუბოს შემდეგ პრესტური საირმეში გაგრძელდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი საირმე ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩევა. ჰავა რბილია და ზომიერი – ზამთარი შედარებით თბილი, ზაფხული კი – გრილი. კურორტზე თბილი პერიოდი 5 თვე გრძელდება. საირმე ერთ-ერთია მესხეთის ქედის ცნობილ კურორტებს შორის და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკს უკავშირდება. ამ მიდამოებში მრავალი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რაც ბუნების მშვენიერებასთან ერთად არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის. ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი ”გაიცანი საქართველო” მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის მიზანია საქართველოს მეტმა თანამოქალაქემ დაიწყოს მოგზაურობა საქართველოში და გაეცნოს სხვადასხვა კუთხეს.