“გაიცანი საქართველო” პრესტური აჭარაში
მთიანი აჭარის ტურისტულ პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში 20-ზე მეტმა ჟურნალისტმა მაჭახელას ხეობა დაათვალიერა. მედიის წარმომადგენლები ხეობის ტოპონიმებს, ცნობილი “მაჭახელას თოფის” და მუჰაჯირობის ისტორიას გაეცნენ. დაათვალიერეს სოფელი მირვეთი, რომელიც ხელუხლებელი ბუნებითა და ულამაზესი ჩანჩქერით რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო საველოსიპედე მარშრუტსა და საპიკნიკე ადგილს წარმოადგენს. ჟურნალისტები მაჭახელას ხეობის სხვა ადგილებთან ერთად ცხემლარას თაღოვან ხიდსაც ეწვივნენ, რომელიც აჭარაში გავრცელებული ე.წ .თამარის თაღოვანი ხიდების საუკეთესო მაგალითია, დაათვალიერეს ასევე სოფელ ჩხუტუნეთში მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმი და ამბრაზურა, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი უნიკალური თავდაცვითი ნაგებობაა. ქედის ღვინის სახლში სტუმრობისას ადგილობრივი ღვინის წარმოების ტრადიციების გაცნობასთან ერთად აჭარული სამზარეულოს ცნობილი კერძების მომზადების მასტერკლასიც შედგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პროექტმა “გაიცანი საქართველო” სტარტი წარმატებულად იაღო. გიორგი ჩოგოვაძეს იმედოვნებს, რომ პროექტიდან გამომდინარე ქვეყანაში შიდა ტურიზმის სტატისტიკა გაიზრდება:
”ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიას ”გაიცანი საქართველო”. პროექტის ფარგლებში იმერეთსა და სამეგრელოს შემდეგ მედიატურს ვუმასპინძლეთ აჭარაში, კერძოდ მაჭახელას ხეობაში, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ეს ხეობა ძალიან უნიკალურია თავისი ბუნებით, თავისი კულინარითა და ისტორიით. მეორეს მხრივ, ის ძალიან ახლოსაა ბათუმთან. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ბევრმა იმოგზაუროს აჭარაში და მათ შორის მაჭახელას ხეობაში.
ამ პროექტის მიზანია მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაეწყოს მოგზაურობა საქართველოში და გაცნობოს სხვადასხვა კუთხეს.
ვხედავთ, რომ ბევრს მართლაც არ აქვს ნანახი საქართველოს სხვადასხვა კუთხე და ამ კამპანიის მიზანიც გახლდა ის, რომ უფრო მეტად წაგვეხალისებინა და მეტი ინიციატივები შეგვეთავაზებინა, რათა საქართველოში დაიწყონ მოგზაურობა.
პროექტის ფარგლებში სასტუმროებთან ერთად შევადგინეთ სპეციალური პაკეტები და ჩვენს თანამოქალაქეებს გარკვეულ ფასდაკლებებსაც ვთავაზობთ. შევეცადეთ, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ მარტო მარკეტინგული კამპანია”,
აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა მაჭახელას ხეობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიას “გაიცანი საქართველოს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.