“გაიცანი საქართველო” პრესტური სვანეთში
25-27 დეკემბერს “გაიცანი საქართველოს” კამპანიის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში მედიატური გამართა. ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პრესტურში მასმედიის 30 წარმომადგენელი (ჟურნალისტი, ბლოგერი, ფოტოგრაფი) მონაწილეობდა.
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ჰაწვალისა და თეთნულდის ტრასებზე ისრიალეს, დაათვალიერეს სვანეთის მუზეუმი, სადაც უნიკალური ექსპონატებია დაცული. საღამოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ კონცერტს დაესწრნენ. სადაც წარმოდგენილი იყო ჯგუფი „მწვანე ოთახი“ და მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო.“
პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ახალ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე მიმდინარე დასკვნით სამუშაოებს გაეცნენ. კურორტზე მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდება. “თეთნულდის” სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7 კმ) იქნება.
სპეციალისტების დასკვნით, “თეთნულდი“ ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.
უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში მიიღებს. სასრიალო პერიოდი კი აქედან 6-7 თვე იქნება.
კამპანია “გაიცანი საქართველოს” ძირითადი მიზანი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პრესტური სამეგრელოში, იმერეთში, რაჭაში, აჭარაში, ხევსურეთში,გუდაურსა და სვანეთში გამართა.