ახალი ტექნოლოგიური ონლაინ სერვისის პრეზენტაცია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურისტულმა კომპანია „ინჯეოტურმა“ ახალი ტექნოლოგიური ონლაინ სერვისის პრეზენტაცია გამართა. საინფორმაციო-ტურისტული პროდუქტი სასტუმროებს, ავიაკომპანიებს, ტრანსფერებს, ექსკურსიებს და ყველა სხვა სახის ტურისტულ მომსახურეობას აერთიანებს, რომლითაც საქართველოში მომავალი პოტენციური ტურისტები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული სააგენტოები და ტურისტები ისარგებლებენ, მათ შორის კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ასევე ისრაელიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
ბელარუსულ-ქართული კომპანია „ინჯეოტური“ ბელარუსის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის „ვენტო ტურის“ შვილობილი კომპანიაა.
ბელარუსი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ბელარუსიდან საქართველოს 28952 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2014 წელთან შედარებით 51%-ით მეტია.