ტელეკომპანია Bloomberg საქართველოს შესახებ 3 წუთიან ვიდეორგოლს ამზადებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან. ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ რეპეტიცია გადაიღეს. Bloomberg-ის ფოკუსში მოხვდა ქართული კულინარიული კერძები, სპეციალურად მათთვის გაიმართა მასტერკლასები. კახეთში გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს ესტუმრნენ.

ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ მომზადდება და Bloomberg-ის არხზე ივნისში გავრცელდება.

ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში  433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

„2019 წლის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტელეკომპანია Bloomberg-ზე ქვეყნის რეკლამირება მიმდინარეობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ Bloomberg-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემატიკაზე ამზადებს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღებას. თემატიკა მოიცავს როგორც ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ფოლკლორს და კულინარიას. გადაღების შემდეგ ვიდეორგოლი გავრცელდება როგორც Bloomberg-ის ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.