პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების დეტალებთან დაკავშირებით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ფესტივალი 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ექვსი თბილისური ანსამბლი -“ადილეი”, “ანჩისხატი”, “დიდგორი”, “იალონი”, “ნანინა” და “შავნაბადა” საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.

თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

• საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს Check in Georgia-ს პროექტს, რომელიც ამ მცირე პერიოდის განმავლობაში წარმატებულ ბრენდად ჩამოყალიბდა.

• წლევანდელი Check in Georgia საქართველოს დიდ ქალაქებსა და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ყველა კუთხე უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გამოცოცხლების მხრივ. ეს იქნება კონცერტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანაა, გაზარდოს საქართველოს ცნობადობა, ჩვენი ქვეყანა რეგიონის კულტურულ ცენტრად აქციოს და გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.

• ღონისძიებები აპრილში დაიწყება დაგვიან შემოდგომამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიოს მაღალი დონის ვარსკვლავებისა და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

• წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდე ტარდებოდა, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალიad black sea და სხვა. Check in Georgia-ს შემოუერთდნენ Open Air, 4 GB და სხვა.