საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 11 მარტიდან, 2 აპრილის ჩათვლით, აჭარაში, ფასდაკლებების კვირეულის – Discount Week-ის მეორე ეტაპი იმართება.
ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით აჭარაში პრესტური მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების 40-მდე წარმომადგენელმა ფასდაკლებების კვირეულში მონაწილე
სასტუმროები მოინახულეს. კვირეულში მონაწილეობას აჭარაში მდებარე იმ სასტუმროთა ნაწილი იღებს, რომელსაც გააჩნია 40 ან მეტი ოთახი და არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან 40%-იან ან მეტ ფასდაკლებას სთავაზობს კლიენტებს.
ფასდაკლებების კვირეულში მონაწილეობენ შემდეგი სასტუმროები: „რედისონი“, „შერატონი“, „ლეო გრანდი“, „ინტურისტი“, „დივანი“, „ჰილტონი“, „კასტელო მარე“, „ჯეორჯია პალასი“, „ეუფორია“, „ლე პორტი“.
ფასდაკლებების კვირეულის კამპანიის მიზანია, რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში ტურიზმის წახალისება, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. პროექტი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონს მოიცავს.
პროექტისთვის შემუშავდა სპეციალური მარკეტინგული კამპანია რომელიც მოიცავდა სატელევიზიო გაშუქებას და რეკლამას სოციალურ ქსელში.
შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი discounts.georgia.travel რომელზეც განთავსდა კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო შესაბამისი შეთავაზებით.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს ჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე georgia.travel/discounts-ზე.