ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო კვლევის წარმოების მიზნით უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას იწყებს. კვლევის მიზანს თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის შესწავლა წარმოადგენს.

კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.

კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა და ხანგრძლივობა, არსებული პრობლემები და სხვა.

აღნიშნული კვლევის განხორციელების პროცესში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მიიღონ კვლევის ჩატარების გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა ტურისტული სექტორის რეალური მდგომარეობის შესახებ.

კვლევა ჩატარდება 2018 წლის 15 იანვრიდან 31 იანვრამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე infostatistics@gnta.ge.