ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სტენდზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, საქართველოს შესახებ მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

გამოფენა-ბაზრობის პარალელურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით საქმიანი შეხვედრები გაიმართა
ჩინეთის სამთავრობო კორპორაციასთან China Arts and Entertainment Group – China Cultural International Tours.
საუბარი შეეხო ჩინეთის ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირებას.
ჩინეთის სამთავრობო კორპორაცია წელიწადში 10 000 ღონისძიებას მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გამოფენის ფარგლებში ჩინეთის უმსხვილეს გამყვან ტუროპერატორებთან (U-Tour და CYTS) შეხვედრები მოეწყო, სადაც ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის, ავიამიმოსვლის და ტურისტული პაკეტების შესახებ ისაუბრეს.

გამოფენაზე მსოფლიოს 70 ქვეყნიდან 450-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩინეთიდან საქართველოში 49.4%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.