ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ITB Berlin-ზე საქართველოს სტენდთან ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და სამეგრელოს მხარე. გამოფენას 23 ქართული კომპანია დაესწრო. ITB Berlin-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაცია მოაწყო, მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საერათაშორისო ტუროპერატორებთან და ჟურნალისტებთან, მათ შორის: lonely planet-ის, Euronews-ის, expedia-ის წარმომადგენლებთან.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე ITB Berlin წარმოდგენილი იყო 180-ზე მეტი ქვეყანა. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 10 ათასზე მეტი წარმოდგენილი დაესწრო. გამოფენას ტურისტული ფედერაციების, ეროვნული და რეგიონალური ტურისტული ორგანიზაციების, საერთაშორისო ტურისტული კომპანიების და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.