საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში „ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტი” პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სკოლა ახალ სასერტიფიკატო პროექტს – “სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა” განახორციელებს, რომლის მიზანი მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა. 5 თვიანი პროგრამის მიხედვით, სასწავლო კურსი ვენახის შერჩევიდან დაიწყება, გაივლის ყველა ეტაპს ღვინის ბოთლში ჩასხმის ჩათვლით. კურსდამთავრებულები სერთიფიკატებსა და სომელიეს სტატუსს მიიღებენ.
“ტურიზმის ინდუსტრიაში, როდესაც პროდუქტის ფორმირებაზეა საუბარი მომსახურების მაღალ ხარისხს და ევროპულ სტანდარტებს განაპირობებს განათლება. დღეს, როდესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ღვინის ტურიზმი ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტია, ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარებული იყოს ხედვა, ერთიანი მიდგომა, თუ როგორ ვუკეთებთ ამ ტურისტულ პროდუქტს პოზიციონირებას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
✅”კავკასიის უნივერსიტეტი და მარანი ხეცურიანი აერთიანებენ ძალებს ხეცურიანის სომელიეს ღვინის სკოლის ფარგლებში და მიმდინარე პროგრამებთან ერთად ჩვენ აკადემიურ პროგრამებსაც ვგეგმავთ, რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ მეღვინეობა, ჩვენი მოწინავე დარგი კიდევ უფრო განვითარდეს.“-აცხადებს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი.