საქართველოსა და რუმინეთის ქალაქებს შორის 2018 წლის თებერვლიდან ჩარტერული რეისები იგეგმება. თბილისი-ბუქარესტის ავიარეისების მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტებზე რუმინელი ტურისტების მოზიდვაა. საქართველოსა და რუმინეთს შორის ტურისტული ნაკადების გაზრდისათვის, ორ ქვეყანას შორის ინფო და პრესტურების ორგანიზების მიზნით, ასევე ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე რუმინეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილეს კრისტინა იონელა ტარტეატას შეხვდა. შეხვედრას ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა შავ ზღვაზე საკრუიზო ტურების მოწყობა განიხილეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლები ტურიზმის სფეროში საქართველოს მიღწევებს გაეცნენ.