გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან პრესტურს უმასპინძლა. ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ესპანეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან ჟურნალისტთა 7 კაციანი ჯგუფი ეწვია. ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა თბილისში მიმდინარე ევროპისა და აზიის მთის კურორტების კონფერენციის შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს. ერთკვირიანი პრესტურის ფარგლებში ევროპელმა ჟურნალისტებმა საქართველოს სამთო კურორტები: გუდაური და მესტია დაათვალიერეს. ესტუმრნენ სტეფანწმინდასა და ქუთაისს, მოინახულეს ბაგრატი, გელათი და პრომეთეს მღვიმე. პრესტურის მონაწილეებს ძველთბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უმასპინძლა. გიორგი ჩოგოვაძემ აბანოთუბანში მედიის წარმომადგენლებს საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრად მყოფი ჯასპერ ბლექი გააცნო, რომელიც 2016 წელს საქართველოში მე-6 მილიონე მოგზაური იყო და მას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განსაკუთრებული დახვედრა და სიურპრიზი მოუწყო.