ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
მედეა ჯანიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული გეგმები გააცნო.
 ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მარი ესწრებოდნენ.
”დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებს გავაცანით ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის გეგმა. მთავრობის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად შევიმუშავეთ გეგმები თუ როგორ ვაპირებთ ტურიზმის მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სწრაფად გახსნას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და როგორც იცით უკვე მოიხსნა შეზღუდვები ავიარეისებზე, გაიზარდა იმ ქვეყნების არეალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვით, გარკვეული პირობებით შეუძლიათ საჰაერო გზით ჩამოსვლა. უკვე გაიხსნა სამთო-სათხილამურო კურორტები, 8 მარტიდან საბაგიროები ამუშავდება მთის კურორტებზე ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს სტუმრების მიღება შეეძლებათ შიდა სივრცეში (შაბათ-კვირის გარდა); შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაეხმარება კერძო სექტორს მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ოპერირება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად შევიმუშავეთ 2021 წლის სამოქმედო გეგმა და აქტიურად ვმუშაობთ გრძელვადიან ანტიკრიზისულ გეგმაზე.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო მოგზაურობის უახლეს ტენდენციებსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
 უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმას უკვე გაეცნენ ტურ-ოპერატორები, გიდები, განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენლები. შეხვედრები კერძო სექტორთან გაგრძელდება.