საქართველოს პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები და სამომავლო ხედვები წარადგინა.
მარიამ ქვრივიშვილმა 2025 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული პროექტების, მარკეტინგული კამპანიების, გადამზადების პროგრამებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

 „ჩვენ დღეს პარლამენტარებს მივაწოდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დასრულდა პირველი კვარტალი და რა ახალი ინიციატივები გაგვაჩნია ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ
2025 წლის სტრატეგიის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. პირველი კვარტალი ძალიან პოზიტიურად დასრულდა, გამოკვეთილად მზარდი არის შემოსავლები ტურიზმის სექტორიდან. საერთაშორისო მოგზაურობიდან 27.7 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი მივიღეთ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენ ვასრულებთ სტრატეგიის ერთ-ერთ პირობას, რაც გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტი ტურისტის შემოსვლას საქართველოში. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულად მზარდია. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 29.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე ჩვენ დეპუტატებთან ერთად ვისაუბრეთ ტურიზმის გამოწვევების შესახებ.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.