ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 12 გიდს საერთაშორისო ტრენერები ამზადებენ, სასწავლო კურსი 8 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბრს დასრულდება. სწავლების პირველი ეტაპი თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავს. ტრენინგი წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში, ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე გაიმართება.  მეორე ეტაპზე გიდებს ზეპირი და წერითი ტესტირება ჩაუტარდებათ და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაციას გაივლიან.     WFTGA-ს აკრედიტირებულ ტრენერებს უფლება ექნებათ გიდის პროფესიის შემსწავლელი კურსები ჩაატარონ.  ტრენინგის მონაწილეებს ეროვნულ მუზეუმში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა:

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს.  ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წამყვანი სპეციალისტები კურსს უტარებენ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც ჩამოყალიბდებიან გიდების ტრენერებად და ეს საშუალებას მოგვცემს მომავალში უფრო მეტი გიდი გადავამზადოთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.