საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უკრაინაში, ქალაქ კიევში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
კიევში გამართულ პრეზენტაციას 100-მდე უკრაინელი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 23 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
„უკრაინა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს. ჩვენ ვიმყოფებოდით კიევში ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ერთად. ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის მიზნით კიევში ჩავატარეთ პრეზენტაცია რომელზეც მოწვეული გვყავდა 100-მდე წამყვანი უკრაინული ტურისტული კომპანია.
მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას უშუალოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.უკრაინაში ჩვენ თან გვყავდა ქართული კომპანიები, რომლებსაც მივეცით იმის საშუალება, რომ ადგილზე გაეცნოთ კომპანიები, დაემყარებინათ ახალი კავშირები და გაეღრმავებინათ ბიზნეს ურთიერთობები“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ამინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული კერძო სექტორისა და ადგილობრივი საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, B2B ფორმატში გაემართათ შეხვედრები და საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებას. კიევში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ გოგიტიძეც დაესწრო.