ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები რუსთავის  საერთაშორისო ავტოდრომის სერვისებით ისარგებლებენ. ავტოდრომზე არსებული პროდუქტების გასაცნობად საქართველოში მოქმედი უცხოური და ქართული ტურისტული კომპანიებისთვის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საინფორმაციო ტური  გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო, რომელმაც სპორტულ ავტომობილებში თავისი შესაძლებლობები გამოსცადა.  ინფოტური  ტურისტული კომპანია Forty Travels ეგიდით  ჩატარდა.  ტურის მონაწილეებისთვის  პროდუქტების და სერვისების პრეზენტაცია, ჩემპიონატი კარტინგში და პოლარისებით (OFF ROAD BUGGY) გასეირნება მოეწყო.    რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი რეგიონში უნიკალური კომპლექსია, რომელიც ექსკლუზიურ სერვისებს და უამრავ გასართობს სთავაზობს ავტო-მოტო სპორტის პროფესიონალებს, მოყვარულებს და ტურისტებს.

ტურისტებისთვის ახალი სერვისის შეთავაზება შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ:

 „იმ ფონზე როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩნდება ახალი ტურისტული სერვისები და პროდუქტები, მათ შორის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი, მასზე არსებული ინფრასტრუქტურითა და სხვადასხვა კლასის ავტომობილებით მზად არის ტურისტების მისაღებად, მათ წინ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელით და მათი მოგზაურობა საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო გახდება.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.