სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთად სავაჭრო პალატის, ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა. Radisson Blu Iveria-ში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის ელექტრონული ვიზის პრეზენტაცია გაიმართა.
“ელექტრონული ვიზა საშუალებას გვაძლევს, ვიზა ელექტორნული ფორმატით მივიღოთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მომავალ ტურისტებს საშუალება ექნებათ საკონსულოში ფიზიკურად გამოცხადების გარეშე საქართველოში შემოსვლის მოკლევადიანი ვიზა მიიღონ, რაც რა თქმა უნდა, დაეხმარება ტურისტების რაოდენობის ზრდას განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები 2014 წელს გამკაცრებული იყო”, – განაცხადა ადმინისტრაციის ხემძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ელექტრონული ვიზის პორტალი www.evisa.gov.ge 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა. მისი მეშვეობით საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ შეავსონ online განაცხადი და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.
ელექტრონული ვიზის პორტალზე სავიზო განცხადების რეგისტრაციისას ვიზის მიღების მსურველი პირი 3 საფეხურს გადის: 1. არეგისტრირებს სავიზო განაცხადს 2. ახორციელებს ონლაინ გადახდას. 3. ბეჭდავს ელექტრონულ ვიზას.
აპლიკაციის შევსებისას ტექნიკური ხასიათის სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, ელექტრონული ვიზის მიღების მსურველ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს შესაბამისი დახმარება საკონსულო დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის contact@evisa.gov.ge და ცხელი ხაზის მეშვეობით (2945050)
სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.