ესპანეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „FITUR“-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის შეხვდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან შეხვედრას ევროპის რეგიონული დირექტორი იზაბელ გარანია და ევროპის რეგიონის კოორდინატორი ბექა ჯაყელი დაესწრნენ, საქართველოს მხრიდან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი.
შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო 2016-19 წლებისთვის სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტში წევრობის გაგრძელებისა და მომავალ წელს ამ კომიტეტის სხდომის საქართველოში ჩატარების საკითხს. სხდოომას სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის სტატისტიკის ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები დაესწრებიან.
მადრიდში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2017 წელს საქართველოში ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-3 კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობა. აღნიშნული ღონისძიება ერთერთი მასშტაბურია და მასზე წარმოდგენილნი არიან ევროპისა და აზიის ცნობილი და განვითარებადი ზაფხულისა და ზამთრის სამთო კურორტები.
კონფერენციაზე განიხილება სამთო კურორტებზე საბაზო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების თანამედროვე მიდგომები, თუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა სამთო კურორტებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სეზონის გახანგძლივებას. აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის საქართველოსთან ერთად განაცხადს სხვა ქვეყნებიც შეიტანენ, ხოლო გამარჯვებული მასპინძელი ქვეყნის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.