საქმიანი ტურიზმის ისტორიაში, პირველად საქართველოში, ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ იმართება.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.  საქართველო ღონისძიების მასპინძლად მრავალ ქვეყანას შორის შეირჩა. მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ერთობლივ ღონისძიებას. ეს პროექტი ეხება საქმიან ტურიზმს, შეხვედრების ინდუსტრიის მასტერკლასს. მოხარულები ვართ, რომ ეს ღონისძიება ტარდება ბათუმში, არასეზონზე, იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ აჭარის რეგიონს, რომ გახდეს ოთხსეზონიანი. მნიშვნელოვანია ამ სემინარის თემატიკა, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ შეისწავლონ საქმიანი ტურიზმის ტენდენციები და შეიტყონ თუ რა მიმართულებებია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან  მოიზიდონ უფრო მეტი   საერთაშორისო ჯგუფი, კონგრესი და ღონისძიება.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებას როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-ზე დელეგატი ესწრება.

სემინარზე ICCA-ს და UNWTO-ს საერთაშორისო სპიკერები შემდეგ საკითხებს განახილავენ:

  • საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია
    • ICCA
    • ასოციაციების როლი ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით
    • შეხვედრების ინდუსტრიის მთავარი სარგებელი
    • თანამედროვე ტენდენციები და ეკონომიკური კლასტერები და ა.შ.

ღონისძიებას საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ტურიზმის ადმინისტრაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

საერთაშორისო მასტერკლასი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, კონგრესებისა და კონფერენციების მოზიდვას საქართველოში.