საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ სლოვენიაში, ქალაქ ლიუბლიანაში გამართულ ფორუმში „ტურიზმი, გაციფრულება და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“ მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმს ევრო კომისიის, საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოდან ღონისძიებაზე პროექტის „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის“ განმხორციელებელი ორგანიზაცია, ტურიზმის ინსტიტუტი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო წარმოდგენილი.
პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის – მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიებისთვის“ ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცემებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ამ მიზნით პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან – 2021 წლის ნოემბრამდე.
პროექტის მთავარი სიახლე რამდენიმე ფაქტორისგან შედგება: იგი ტურიზმის გავლენას აფასებს როგორც ეკონომიკური ინდიკატორებით, ასევე სოციალური, კულტურული, გარემოსდაცვითი თუ ურბანული ფაქტორებით.