უკრაინელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და  უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით  საქართველოში  უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც   უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14  წარმომადგენელი მონაწილეობდა.

9 დღიანი ინფო-ტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი მცხეთა, სტეფანწმინდა,  გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე,  წყალტუბო, ქუთაისი და  ბათუმი მოინახულეს. თბილისსა და ქუთაისში  უკრაინელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

ინფო-ტური უკრაინიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის,  ქუთაისის ტურიზმის ცენტრისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში უკრაინიდან საქართველოში 33,645 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 8.9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ უკრაინის წამყვან ტურისტულ კომპანიებს, მათმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს ძირითადი ტურისტული ლოკაციები. ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და უკრაინელ ტურ-ოპერატორებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნეს ურთიერთობები, რომ უკრაინის ტურისტულ ბაზარზე ქართული ტურისტული პროდუქტების რეალიზება  მოხდეს და გაიზარდოს ტურისტული ნაკადი.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X