სარეგისტრაციო ფორმა

საქართველო National Geographic-ის პროექტში „ედემის ბაღიდან“

 

>National Geographic-ის ჟურნალისტი პოლ სალოპეკი, საქართველოში მოგზაურობას აღწერს. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც The Chicago Tribune, The Atlantic, Foreign Policy-ისთვის ამზადებდა სტატიებს, 7 წლის განმავლობაში, მსოფლიოს გარშემო ფეხით მოგზაურობს და National Geographic-თან ერთად პროექტ „ედემის ბაღიდან“ ფარგლებში მოგზაურობს. სხვადასხვა სახელმწიფოებთან ერთად პოლ სალოპეკმა საქართველოშიც იმოგზაურა. ჟურნალისტი National Geographic-ის 60 მილიონიან მკითხველს შთაბეჭდილებებს უზიარებს:
კვალის დასასრული
აქ რას ვაკეთებთ?
„ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე ვართ. ეს მწვერვალი უცნაური, გაყინული და მზითგანათებულ ღრუბელზე უფრო ნათელი. უჩრდილო, ველური, თვალისმომჭრელი განათებაა. ვუყურებთ უზარმაზარ თეთრ სივრცეს. სიკაშკაშეში მანძილი იშლება. სივრცე ბრტყელდება და თვალი ტყუვდება.
ვიყინებით
4 დღეში უკან მოვიტოვეთ ანატოლია, მცირე აზიის ეს რეგიონი უზარმაზარ ცერა თითს წააგავს, რომელიც ევროპის მიმართულებით თითს იშვერს. უკან მოვიტოვეთ ხმელთაშუაზღვის ზეთისხილის , თხილის, მწვანე და მზისგან შეწითებული მხარე, აბრეშუმის გზის დიდი ქალაქები და პატარა სოფლები, ცხელი ქაბაბი, მეჩეთები, მოლის მოწოდება ლოცვისაკენ და მივადექით თურქეთ-საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელ პოსოფს. აქედან ჯადოსნურ სარკეს, კულტურის სხვა სფეროს ვუყურებთ, რომელიც სხვა სამყაროში მდებარეობს. ეს საქართველოა. ნაცრისფერი, მოწითალო, მოყავისფრო, მთებით, თოვლით დაფარული მწვერვალებით, დაწინწკლული, დაკლაკნილი ყინულოვანი მდინარებით, რომლის უბეშიც ჩაფლულია კვერცისფორმის ლურჯი ქვები, წყალს მიაქვს უკვე დაჟანგებული ლეღვისხის ფოთლები. ჩვენ უკვე ახალ განზომილებაში გადავდივართ. ეს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სამყაროა. აქ ყოველი უკაცრიელი გორაკი გოლგოთას მოშიშვლებულ მთას წააგავს, ზედ დახრილი ჯვრებია აღმართული. ჟამმა ციხე-სიმაგრეები იმსხვერპლა. პირქუშ ქალაქებში ქალებს და მამაკაცებს მახვილი ფორმის სახეები აქვთ, პიკასოს ადრეულ ტილოებზე გამოსახულ მშვენიერ ანგელოზებს ჰგვანან.
ქალებს რეზინის ჩექმები აცვიათ, მამაკაცები კი დაწნულ ქუდებს ატარებენ.
კედლებზე კირილიცაზე შესრულებული წარწერებია, გზაზე რუსული წარმოების სატვირთომანქანების ხმაური ისმის. აქ მთავრდება ერთი ისტორია და იწყება მეორე, სხვა სამყარო და სხვა ოცნება.
როგორ მოგწონს საქართველო?

ვიტალი „ვიტო“ უფლისაშვილი ჩვენი ახალი გიდია. საზღვარზე მამამისის ძველი ხანჯალით დაგვხვდა, თან ორი დიდი ბოთლი ჭაჭა წამოიღო.ეს სითხე ისეთი აქროლადია, რომ ჩვენ ცეცხლის დასანთებად ვიყენებთ. ვიტო ხშირად გვეკითხება თუ მოგვწონს საქართველო, თვითონ საქართველოს საზღვრებს გარეთ ნამყოფი არ არის. ის 18 წლისაა.
ოთხნი ვართ. ჩემი თურქი გიდი მურატ იაზარი შემოგვიერთდა, საფრანგეთის ქალაქ ბორდოდან კი მისი მეგობარი მეთიუ ჩაზელი. ჯერ აღმოსავლეთით გავემგზავრეთ, შემდეგ სამხრეთით. გრძელი და ვიწრო გზები, ტალახში დასვრილი თხების ნაკვალევი გავიარეთ. მდინარე მტკვარს მივუყვებით. ეს მდინარე ერთდროულად ევროპისა და აზიის კარი და კედელია.
მიტოვებული, დაკიდული ხიდი გადავკვეთეთ. აქ გადის მსოფლიო ისტორიის ვიწრო გზაჯვარედინი. ათასეული წლების განმავლობაში საქართველოს დასაპყრობად ამ მდინარეს მრავალი ჯარი და ურდო ჰკვეთდა: ალექსანდრე დიდი, სპარსელები, რომაელები, ბიზანტიელები, არაბები, ხაზარები, მონღოლები, ოსმალები და რუსები. აფრიკის შემდეგ საქართველოს ამ კუთხეთში აღმოაჩინეს უძველეს მომთაბარეთა ძვლები. (1,8 წლით დათარიღებული) ახლა აქ მეცხვარეებს ფარა აქვთ გაშლილი და მდინარესთან ვიწრო მდელოს მიუყვებიან. თბილისის მიმართულებას ხელით გვიხსნიან.
მივჩანჩალებთ
გარშემო ცვილის ფერია ყველაფერი, ცა კი გაყინულია. ხიდან გაყინული ვაშლი მოვწყვიტეთ. მოგწონს ქართული ვაშლი მეკითხება ჩვენი გიდი.
ასპინძა. უსახელო, პატარა სოფელია, ახალქალაქი კი პატარა სარკინიგზო ქალაქი. უკვე თოვს. თანდათან სიმაღლეზე ავდივართ, მივუყვებით მიტოვებულ ზეგანს, თოვლის სისქე მატულობს, თეთრად შეღებილ სივრცეში გზა აგვერია, ვცდილობთ ბილიკი ვიპოვოთ, კლდოვან ზედაპირს ვეხეთქებით, მარცხენა მუხლი გადამიბრუნდა, ამასობაში დაგვაღამდა. მურატმა ჩემმა გიდმა, (ის ევფრატიდან მომყვება და მთელი მესოპოტამია ერთად მოვიარეთ) ბანაკში ცეცხლის დასანთებად საკუთარი ხელთათმანები დაწვა, შედეგად გადავრჩით. ზამთრის გამო იძულებულები ვართ „ედიმის ბაღიდან“ მოგზაურობა დროებით შევაჩეროთ.
თბილისში გამოვიზამთრებ, გაზაფხულზე კი ბანაკს დავუბრუნდები, იმ ადგილს სადაც მურატმა ხელთათმანები დაწვა. მოვძებნით ახალ მიმართულებას და გავაგრძელებთ მოგზაურობას.“

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X