სარეგისტრაციო ფორმა

ეკოტურიზმის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია

 
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე აქტიური მუშაობა გრძელდება. სტრატეგია 2020-30 წლების სამოქმედო გეგმებს მოიცავს, რომლის განხორციელება 2021 წლიდან დაიწყება.
ეკოტურიზმისა და ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით სტრატეგიის შექმნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო მუშაობენ. სტრატეგია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ დახმარებით მუშავდება. სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.
ეკოტურიზმის სტრატეგიის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელსაც სამთავრობო უწყებებთან ერთად კერძო სექტორის, გიდების, ტურისტული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, ასოციაციებისა და GIZ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა:
“დღეს ტურისტი მხოლოდ სანახაობრივი პროდუქტით არ კმაყოფილდება და უპირატესობას ანიჭებს შემეცნებით დასვენებას, სადაც უშუალოდ არის ჩართული პროცესში და კონკრეტულ გამოცდილებას იღებს ტურისტული შეთავაზებისგან. პოსტკოვიდურ პერიოდში კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა უსაფრთხო, მაღალი სტანდარტის ტურისტულ პროდუქტზე. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ეკო ტურიზმი, რომელიც სულ უფრო განსაკუთრებულ როლს იძენს. ჩვენი მიზანია, არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის, ოთხი სეზონის ეკოტურისტული პროდუქტის განვითარება და სწორი პოზიციონირება საერთაშორისო და შიდა ბაზარზე – რაც გულისხმობს პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და პროდუქტის არეალის გაფართოვებას, ადგილობრივი თემების და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკოტურისტული პროდუქტის შეთავაზების ფორმირებასა პოპულარიზაციაში და რაც მთავარია გაზიარებული ხედვის ჩამოყალიბებას და თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯების განსაზღვრას, რა თქმა უნდა ეკო ტურისტული რესურსის მაქსიმალური დაცვითა და შენარჩუნებით” -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
ეკოტურიზმის სტრატეგია ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე ახალი პროდუქტების ფორმირებას, შიდა ტურისტული ტურისტული ნაკადის გააქტიურებას, რაც, ამავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის, სოციალურ-ეკონომიკური და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშემწყობ მექანიზმს წარმოადგენს. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გაცნობის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო შეხვედრაზე მოსაზრებებს წარმოადგენენ და შენიშვნებს შეიტანენ.
 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X