30 წლის შემდეგ ტიმ სევერინი საქართველოში დაბრუნდა. სევერინთან ერთად ქვეყანაში ის 10 “არგონავტი” ჩამოვიდა, რომლებიც 1984 წლის ექსპედიაციაში მონაწილეობდნენ. ტიმ სევერინს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი დახვდა.
30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, ექსპედიციის მონაწილეები თბილისს, დმანისს, მცხეთას, პატარძეულს, სიღნაღსა და ველისციხეს ეწვევიან და საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენცია “არგო 2014 – ლეგენდის გაცოცხლებას” დაესწრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. თანაორგანიზატორები არიან:ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ასოციაცია “კულტურათა დიალოგი XXI”.

30 ივნისს კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება. 1 ივლისს, ტიმ სევერინი და “არგონავტები” ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან. 2 ივლისს დაგეგმილია შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 3 ივლისს მოეწყობა ღვინის ტური კახეთში. 4 ივლისს კი იგეგმება ძველი თბილისის დათვალიერება და შეხვედრა “კასტელისა” და “სარაჯიშვილის” ქარხნებში.
მსოფლიოში ცნობილი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი ტიმ სევერინი, არგონავტების საერთაშორისო ეკიპაჟთან ერთად საბერძნეთიდან თურქეთის გავლით, ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერით “არგო” საქართველოს 1984 წელს ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში ბერძნებს შეეძლოთ მოეღწიათ კოლხეთამდე, სადაც მათ დახვდათ მაღალგანვითარებული სახელმწიფო.