საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კიევში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში UITT 2017 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილები იყვნენ: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, მთის განვითარების სააგენტო, სასტუმროები “კოლიზეუმი”. “საირმე” და “შერატონ ბათუმი.” ტურისტული კომპანიებიდან გამოფენას ესწრებოდნენ “SW Georgia” და “Voyage Tours.”
3 დღის განმავლობაში საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ენახათ ქვეყნის ტურისტული საიმიჯო ვიდეორგოლი. გამოფენის სტუმრებისთვის მოეწყო ღვინისა და ჩირის დეგუსტაცია. ასევე გათამაშდა ორი საგზური თბილისში მდებარე ჰოსტელში „ფაბრიკა.“
UITT 2017-ის ვიზიტორები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ საქართველოს ზაფხულისა და ზამთრის კურორტებით, სათავგადასავლო ტურიზმით და ქართული ღვინით.
უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 28 სახელმწიფოდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 15 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია.