სტამბოლში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი, გიორგი აფციაური თურქეთის წამყვან ტუროპერატორებს შეხვდნენ და მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი “Check In Georgia” გააცნეს.
შეხვედრის მიზანი, თურქული ტურისტული ბაზრისთვის საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ფორმით საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციაა.
შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც აქტიურად დაინტერესდა ბიზნეს სექტორი. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში, დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე, კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოჩინდნენ, როგორც “Check In Georgia”-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები.
თურქეთში შეხვედრა კომპანია „ატლასგლობალ საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს “Check In Georgia”-ს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.