საქართველოს ტურისტული მიმართულების გასაცნობად ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე ჟურნალისტი თბილისს ეწვია. მედიის წარმომადგენლებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი და ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდნენ. პრესტურში მონაწილეობენ ისრაელის მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე მედია საშუალებები.
უცხოელი ჟურნალისტებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი – 2017 ” პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში გიორგი ჩოგოვაძემ და იციკ მოშემ საქართველოში მოქმედი ისრაელის ტურისტული კომპანია „დორონ თრეველი“ ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის. (20 ათასი ტურისტი წლიურად) სპეციალური სიგელით დააჯილდოვეს.
სტატისტიკური მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოს 2016 წელს 92213 საერთაშორისო მოგზაურო ეწვია, ზრდა 2015 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ ათეულში ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს.