შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წელს 26 მაისს- საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დამატებითი თემატური დატვირთვა – ,,ვეფხისტყაოსანი’’ – მიეცა.
ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ლოზუნგით ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა.
ამ თარიღდან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საზეიმო ღონისძიება ახალციხეში გამართა. რაბათის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით მე-12 საუკუნე გაცოცხლდა.
ღონისძიებაში 90-მდე მსახიობმა, ქართული ორთაბრძოლის ოსტატებმა და საჰაერო შოუს აკრობატმა მიიღო მონაწილეობა. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა სცენები. მათ შორის ნადიმი და მიღება მეფე როსტევანის კარზე. შავფაროსნების მონაწილეობით გაიმართა ორთაბრძოლა, ასევე მოეწყო ცეცხლოვანი შოუ.
დღის კულმინაცია ქაჯეთის ციხის აღების სცენის გაცოცხლება იყო.