ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორია საქართველოს სერვისის ექსპორტში. სერვისის ექსპორტი მომსახურების ის ნაწილია, რომლის მიყიდვაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ხდება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სერვისის ექსპორტის 61.4% სწორედ ტურიზმზე მოდიოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ტურიზმის სექტორის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისათვის.

სერვისის ექსპორტის და ზოგადად ექსპორტის მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვალუტის გაცვლითი კურსი. ბოლო პერიოდში მიმდინარე ვალუტის გაუფასურებას ორმაგი ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. ქვეყანაში არსებული იმპორტირებული პროდუქციის მოხმარების მაღალი დონის გამო დოლარის გაცვლითი კურსის მატება ტვირთად აწვება როგორც ეკონომიკას, ასევე საზოგადოებას. გარდა ამისა, სოციალურ ფონს ამძიმებს დოლარში აღებული კრედიტების გაძვირება. ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება თავის თავში მოიცავს ინფლაციის საფრთხეებსაც. თუმცა მეორე მხრივ კურსის მიმდინარე ტენდენცია დადებითად მოქმედებს საექსპორტო დარგებზე. მათი პროდუქცია უფრო იაფი და კონკურენტუნარიანი ხდება გარე ბაზრებზე.

ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომ ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ასტიმულირებს. ტურიზმი საექსპორტო დარგად შეგვიძლია მოვიაზროთ, ამიტომ ბოლო დროს მიმდინარე კურსის გაუფასურება ტურიზმზე დადებითი გავლენის მომხდენი უნდა იყოს.

საერთაშორისო ვიზიტორებისთვის მოგზაურობისას გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისინი საქართველოში მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღების დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსალოდნელ დანახარჯებს დოლარში, რაც გამყარებული დოლარის პირობებში შემცირებულია. აღნიშნული ფაქტორი მასტიმულირებელია მათთვის და შესაბამისად იწვევს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. მეტი საერთაშორისო მოგზაური ნიშნავს მეტი უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის შემოსავლებზე.

ოქტომბრის თვეში ერთი აშშ დოლარი 0,08 ლარით გაძვირდა 2.33 ლარიდან 2.41 ლარამდე. ტენდენცია გაგრძელდა ნოემბრის თვეშიც და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ თვის ბოლოს 2.53 ლარი შეადგინა (+0.12 ლარი). რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ერთი აშშ დოლარით უცხოელ ვიზიტორს უფრო მეტი ადგილობრივი ვალუტის და შესაბამისად უფრო მეტი პროდუქტისა და მომსახურების შეძენა შეუძლია.

მსყიდველუნარიანობის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია ინფლაციის გათვალისწინება. შესაძლოა ვალუტის გაუფასურების დადებითი ეფექტი საერთაშორისო ვიზიტორებისათვის შეასუსტოს ან უფრო მეტიც, გადაფაროს ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდამ. ნოემბრის თვის მონაცემებით წლიური ინფლაცია შეადგენს 0.2%. საბოლოო ეფექტი უფრო კარგად ჩანს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის დინამიკაში, სადაც გათვალისწინებულია როგორც ვალუტის კურსის, ასევე ფასების დონის ცვლილება. 2016 წლის ოქტომბრის თვეში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი შეადგენს -1.6, რაც ნიშნავს რომ რეალური გაცვლითი კურსი გაუფასურებულია.

ზემოთ განხილული ფაქტორები გვიჩვენებს, რომ გაცვლითი კურსისა და ფასების დონის ბოლო პერიოდის დინამიკის გავლენით საქართველო, როგორც ტურისტული დესტინაცია გახდა უფრო კონკურენტული და იაფი უცხოელი ვიზიტორებისათვის. რაც თავის მხრივ მასტიმულირებელია ვიზიტორების რაოდენობის და შესაბამისად ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მიმართულებით.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე