ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში ახალი ტურისტული მარშრუტების შესასწავლად სამეგრელოში ინფოტური მოეწყო. 16 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა კაღუს ჩანჩქერი, პალიასტომის ტბა, მარტვილის და შურუბუმუს კანიონები მოინახულა. ტუროპერატორებმა სალხინოში დადიანების სასახლე დაათვალიერეს, ასევე ეწვივნენ ოცინდალის მამათა მონასტერს. ინფოტურის შემდეგ ტურისტული კომპანიები ახალ ტურისტულ მარშრუტებს შექმნიან და ახალ პაკეტს, როგორც შიდა, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ. ტურის მონაწილეებს კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის პროექტ Zrda-სთან, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. თანამშრომლობის მიზანია აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია.