გიორგი ჩოგოვაძის სიტყვით გამოსვლა UNWTO-ს კონფერენციაზე

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში მიმდინარე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი ჩოგოვაძემ სესიის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობა, მარკეტინგული კამპანიები, ინოვაციური პროექტები, სტატისტიკური მონაცემები, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. კონფერენციაზე გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო და სესიის მონაწილეებს მეექვსემილიონე მოგზაურის შესახებ ვიდეორგოლი წარუდგინა.
,,უკვე მეორე წელია საქართველო მნიშვნელოვან ღონისძიებებს მასპინძლობს, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება. შარშან ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართა, წელს ევროპისა და აზიის სამთო კურორტების განვითარების კონფერენციას ვმასპინძლობთ. ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს, რომ მსოფლიოში არსებული დიდი გამოცდილება, ცოდნა მთის კურორტების განვითარების კუთხით შემოვიტანოთ საქართველოში და მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ტურიზმის და კონკრეტულად მთის კურორტების განვითარების სფეროში არსებული წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩემი მოხსენება ეხებოდა იმ აქტივობებს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს იმ მიზნით, რომ გაზარდოს საქართველოს ცნობადობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 4-დან 7 აპრილის ჩათვლით ტარდება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით იმართება. ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას – „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“ 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ტალებ რიფაი. სესიის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილე ქართული და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X